„ტორპედოს“ დროებით ბაბუნაშვილი გაწვრთნის - ქუთაისელთა ვეტერანი გუნდს ბათუმელებთან უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„ტორპედოს“ დროებით ბაბუნაშვილი გაწვრთნის - ქუთაისელთა ვეტერანი გუნდს ბათუმელებთან უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, ქუთაისის „ტორპედოს“ დროებით შოთა ბაბუნაშვილი გაწვრთნის, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრია, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მარტვილის „მერანთან“ თასის 1/16-ფინალში წაგების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია გადადგა. ჯერ მისი შემცვლელი არ დანიშნულა, მაგრამ ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრაში გუნდს ბაბუნაშვილი გაუძღვება. ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩს ქუთაისელები კვირას, 25 აპრილს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართავენ.

40 წლის შოთა ბაბუნაშვილი ქუთაისელია. პოზიციით ნახევარმცველმა კარიერა წყალტუბოს „სამგურალში“ დაიწყო, ქუთაისის „ტორპედოში“ კი ჯამში 10 სეზონი ჩაატარა (2000-2005, 2014-2018) და კარიერაც ამ კლუბში, 38 წლის ასაკში, 2018 წელს დაასრულა. ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, ბოლნისის „სიონში“, „ბორჯომში“, ბათუმის „დინამოში“, რუსთავის „მეტალურგში“, ისრაელის „სეკცია ნეს-ციონაში“, „ზესტაფონში“, მარტვილის „მერანში“.

შოთა ბაბუნაშვილი არის საქართველოს 3-გზის ჩემპიონი (2004/2005, 2010/2011, 2011/2012) და 3-გზის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2005/2006, 2011/2012, 2012/2013).

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის პირველი წრის შემდეგ ხუთი ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა და ერთადერთია ლიგაში, რომელსაც ცხრა მატჩიდან ჯერ ერთიც არ მოუგია.