„ტორპედომ“ სტუმრად „თელავი“ დაამარცხა - ქუთაისელები სამეულისთვის იბრძვიან #1TVSPORT
„ტორპედომ“ სტუმრად „თელავი“ დაამარცხა - ქუთაისელები სამეულისთვის იბრძვიან #1TVSPORT

„კავკასიონი არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის შეხვედრა „თელავსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 2:1.

33-ე ტურში ლიდერთა და აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენლების დაპირისპირებაში ანგარიში მე-8 წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს. ნიკოლა ნინკოვიჩის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანრი ჭიჭინაძემ მცველებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით „ტორპედო“ დააწინაურა.

„თელავმა“ იბრძოლა და ანგარიში პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაათანაბრა – მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე მორჩილაძის გადაცემა მასპინძელთა ჰაიტელმა თავდამსხმელმა, ჟონელ დეზირემ დააგვირგვინა.

„ტორპედომ“ გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა. 85-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა კუთხური მოაწოდა, „თელავის“ მეკარე დავიდ იურჩენკო გამოსვლაზე შეცდა, ქუთაისელების მცველმა ნიკა სანდოხაძემ კი ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და „ტორპედოს“ გამარჯვება მოუტანა.

33 ტურის შემდეგ „თელავი“ 34 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ 55 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.