დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ტორპედოს“ ქუთაისელი გულშემატკივარი დაუბრუნდა და რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი საკუთარ გუნდს პირველიდან ბოლო წუთამდე ამხნევებდა, ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში ქობულეთის „შუქურასთან“, რომელიც ძალიან რთული მატჩი გამოდგა.
„ტორპედოს“ გამხნევება ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან ხუთ ტურში გუნდმა ერთიც ვერ მოიგო. „შუქურაც“ იმერეთს საომრად ესტუმრა, რაც ამ მატჩმა აჩვენა. სტუმრები ქუთაისელებს არ ეპუებოდნენ, 61-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა შეეძლოთ, მაგრამ მიშიკო სარდალიშვილის ახლოდან დარტყმული მასპინძელთა მეკარე დინო ჰამზიჩმა ნახტომში მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
მაყურებლებისგან გამხნევებული ქუთაისელები შეტევებს ხშირად იწყებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში შეუთამაშებლობა ეტყობოდათ და საკმაოდ მწვავედ წამოწყებულ იერიშებს ვეღარ ავითარებდნენ. აქტიური იყო ფადი ზიდანი, რომელიც ბევრს მოძრაობდა და მცველებს მოსვენებას არ აძლევდა. 86-ე წუთზე, ქუთაისელთა პალესტინელმა ლეგიონერმა მახვილი კუთხიდან სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.
საბოლოოდ, მატჩი უგოლოდ დასრულდა (0:0) და რქვსი ტურის შემდეგ გუნდებმა პოზიციები შეინარჩუნეს – ქუთაისის „ტორპედო“ ოთხი ქულით მერვე ადგილზე დარჩა, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ რვა ქულით კვლავ მეხუთე პოზიციაზეა.
„ტორპედო“ – „შუქურა“ – 0:0.
02.04. 2021. ქუთაისი. „რამაზ შენგელია – არენა“
„ტორპედო“: ჰამზიჩი – ინკუმი (67. ტაბატაძე), მირცხულავა, ჩაკვეტაძე, ტუიჩიბაევი (80. ჩალაძე), ნადარაია – რეკიში, მამასახლისი (78. სტუკალოვი), ბუკასი- შარვაშიძე (78. ჩარგეიშვილი), ზიდანი
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
„შუქურა“: შეროზია, ფარტენაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, გ. გაფრინდაშვილი (85. კალანდია) – კაკაშვილი, გურეშიძე (61. ხმალაძე) – ჟუნინიო კაბრალი (61. ინგოროყვა), ჯეფერსონ ჯერალდო (90+3. ექვთიმიშვილი), სარდალიშვილი – ჩელებაძე (61. მუსელიანი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
მთავარი არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
გაფრთხილებები: მამასახლისი (42), ინგოროყვა (67)