ორი ახალწვეული „ტორპედოში“ - ქუთაისელებმა მცველი და ნახევარმცველი დაიმატეს #1TVSPORT
ორი ახალწვეული „ტორპედოში“ - ქუთაისელებმა მცველი და ნახევარმცველი დაიმატეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისთვის მზადება და დაკომპლექტება გვიან დაიწყო. მიხეილ აშვეთიას გუნდს საკადრო პრობლემები ჯერ კიდევ აქვს და აქედან გამომდინარე, სანაკრებო პაუზაზე კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას კიდევ 2 ახალი ფეხბურთელი დაიცავს. ლაშა ჩალაძე და ფედორ სტუკალოვი გუნდს ოფიციალურად შეუერთდნენ. ფედორი გუნდში 32 ნომრით იასპარეზებს, ხოლო ლაშა „ტორპედოში“ 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია „ტორპედოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ლაშა ჩალაძე 33 წლისაა და მარცხენა მცველად თამაშობს. მას ბევრ ქართულ კლუბში უთამაშია, ქუთაისის „ტორპედოს“ კი ბათუმის „დინამოდან“ შეუერთდა. ბათუმურ კლუბში ირაკლი აზაროვის გამოჩენის შემდეგ (რომელიც ვილი სანიოლმა ნაკრებში მიიწვია) მოედანზე აღარ გამოჩენილა და წელს ერთხელაც არ უთამაშია. ბათუმში არის ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები გიორგი ნავალოვსკიც, ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი კი ქართული კლუბისთვის მეტისმეტი ფუფუნებაა.

ფედორ სტუკალოვი 24 წლისაა, ის საყრდენ და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობს. სტუკალოვი მოსკოვის „ლოკომოტივის“ გაზრდილია. თავიდან იყო მოცურავე, მაგრამ შემდეგ არჩევანი ფეხბურთზე შეაჩერა. 2015 წლიდან „ლოკომოტივის“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა, 2018 წელს ერევნის „არარატში“ ჩაირიცხა. იმავე წლის შემოდგომაზე „არარატ-მოსკვაში“ გადავიდა, საიდანაც 2019 წლის 1 ივნისს წამოვიდა და მას შემდეგ საერთაშორისო სტატისტიკაში მისი კვალი ქრება.

ახალ გუნდში ქუთაისელთა ახალწვეულების დებიუტი მოსალოდნელია ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, რომელსაც „ტორპედო“ ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ქუთაისში, 2 აპრილს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება.