„ტორპედომ“ გეგეჭკორის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
„ტორპედომ“ გეგეჭკორის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა გამოცდილი მარჯვენა მცველი ლევან გეგეჭკორი დაიმატა.

„ლევან გეგეჭკორი „ტორპედოში“ დაბრუნდა. 28 წლის მცველი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. იგი 18-ნომრიან მაისურს მოირგებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ლევანი მარტვილის „მერანის“ აღზრდილია. უთამაშია ქობულეთის „შუქურაში“, ბათუმის „დინამოში“ (2016, 2019-2022), საჩხერის „ჩიხურაში“, „დინამო თბილისში“, „რუსთავში“. ქუთაისის „ტორპედოში“ 2018-19 წელს ირიცხებოდა. 46 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 2 გოლი და 7 საგოლე პასითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი.

28 წლის მცველი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 19-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 2017 წელს ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში 1 მატჩი ჩაატარა.

ლევან გეგეჭკორი ბათუმის „დინამოში“ თავიდან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო, მაგრამ მისი პრობლემები 2020 წლის 15 ივლისს დაიწყო, როდესაც ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა ფოთის „კოლხეთთან“ – მარჯვენა მცველმა იმდენად მძიმე დაზიანება მიიღო, რომ მატჩი შეწყდა და ფეხბურთელი თამაშის 75-ე წუთზე სასწრაფო დახმარების მანქანით დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გეგეჭკორს მცირე წვივის მოტეხილობა და იოგების დაზიანება დაუდგინდა. მალე თურქეთში ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, მოედანს 2021 წლის თებერვალში, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მან ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი ფეხის ტკივილმა ისევ შეაწუხა.

აღმოჩნდა, რომ გეგეჭკორი ხელახლა საოპერაციო იყო. ბათუმის „დინამო“ რთულ ვითარებაში ჩავარდნილ მოთამაშეს გვერდში დაუდგა, კონტრაქტი არ გაუწყვიტა და უმკურნალა. მაგრამ საბოლოოდ გუნდის დატოვა.

დატოვე კომენტარი