თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მეორე ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა (ვიდეო)
საკალათბურთო ევროლიგაში რეულარული სეზონის მეორე ტური დასრულდა. თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ სტუმრად რუსულ „ხიმკისთან“ ითამაშა და სამი ქულით დამარცხდა – 76:79 (17:27, 22:16, 16:19, 21:17).
შენგელია მატჩში ერთადერთი კალათბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 წუთსა და 54 წამში მის ანგარიშზე იყო 18 ქულა (5/11 – ორქულიანი, 1/3 – სამქულიანი), 5/6 – საჯარიმო) და 10 მოხსნა (4 – შეტევაში). ამას დაემატა სამი შედეგიანი გადაცემა. ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა. თავის გუნდში თორნიკე ყველაზე შედეგიანი იყო.
„ბასკონიას“ მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამქულიანების ძალიან ცუდი რეალიზაცია იყო – 20-დან მხოლოდ ოთხი ზუსტი შორეული ტყორცნა.
ორი ტურის შემდეგ „ბასკონიას“ ერთი მოგება აქვს, ერთი წაგება და შვიდ გუნდთან 6-13 ადგილებს იყოფს.
მესამე ტურში (17-18 ოქტომბერი) „ბასკონია“ კვლავ სტუმრად ითამაშებს – სტამბოლში „ფენერაბჰჩეს“ წინააღმდეგ. ეს ესპანური კლუბისთვის ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი იქნება. პირველ ტურში „ბასკონიამ“ სტუმრად „ჟალგირისი“ დაამარცხა.