თორნიკე შენგელია - სადაც საქართველოს დასჭირდება, ყოველთვის იქ ვიქნები #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - სადაც საქართველოს დასჭირდება, ყოველთვის იქ ვიქნები #1TVSPORT

„ძალიან რთული ჯგუფია, მაგრამ სწორედ ეს არის ევრობასკეტის ხიბლი. ყველას შეუძლია, დაგვამარცხოს, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია ყველას წინააღმდეგ თამაში და გამარჯვება. არ ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული მეტოქე ჩვენთან გარანტირებულად გამარჯვებას გეგმავს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვიპოვოთ რიგის ბილეთი“, – უთხრა თორნიკე შენგელიამ გამოცემა „ბასკეტბოლსფერს“.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის C ჯგუფს კვიპროსში თამაშობს, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მერვედფინალს ლატვიის ქალაქ რიგაში ითამაშებს.

„ბასკეტბოლსფერის“ ჟურნალისტმა თორნიკეს გაახსენა კლუბთან დადებული კონტრაქტი, რომლის მიხედვით, „ვირტუსს“ არ უნდა შეეფერხებინა შენგელია სანაკრებო ფანჯრებისას.

„პროფესიონალური კარიერის პირველი დღიდან ვიცი ერთი რამ – სადაც ქვეყანას დავჭირდები, ყველგან ვიქნები. სწორედ ამიტომ ვდებ ჩემს საკლუბო კონტრაქტში პუნქტს საქართველოს ნაკრებში გამოშვებასთან დაკავშირებით.

ბავშვობაში, როცა ნაკრების თამაშებს ვუყურებდი, თავი გუნდის მაისურით წარმომედგინა. მაშინ არ იყო ინტერნეტი, ტოპლიგების თამაშების ყურების საშუალება ნაკლებად გვქონდა. საქართველოს ნაკრებზე გავიზარდე. როდესაც ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა, ჩემში ბავშვმა გაიღვიძა. ჩემი სიყვარული და ფასეულობები ყოველთვის საქართველოსთან იყო დაკავშირებული“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავს. მისი მეტოქე ესპანეთი იქნება. რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.