თორნიკე შენგელია მწყობრშია, სანდრო მამუკელაშვილი ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩისთვის ემზადება. 2 ივლისს „ჯვაროსნები“ რიგაში უკრაინას ეთამაშებიან, 5 ივლისს – თბილისში ესპანეთს. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა იურმალის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და უკრაინასთან ოფიციალური მატჩის მოლოდინში დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლა. ჩვენმა გუნდმა პირველი ოფიციალური ვარჯიში Xiaomi Arena-ზე გამართა.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებამდე რიგის დარბაზში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, უკრაინის ეროვნულმა გუნდმა ივარჯიშა. ორ გუნდს შორის პარალელის გავლება მოსამზადებელ ეტაპზეც შეიძლება. უკრაინამ ბოლო ამხანაგური შეხვედრა შაულიაიში, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმაც ბოლო მოსამზადებელი მატჩი გამარჯვებით დაასრულა – ჩვენმა გუნდმა სწორედ Xiaomi Arena-ზე დაამარცხა მასპინძელი ლატვიის ნაკრები.
ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მწყობრში ყოფნა. თოკომ საკლუბო დონეზე გრძელი და მომქანცველი სეზონი სულ რაღაც ხუთი დღის წინ დაასრულა. ის ნაკრებს იურმალის შეკრებაზე 27 ივნისს შეუერთდა, დღეს კი Xiaomi Arena-ზე უკვე პირველი სრულყოფილი, მაღალი ინტენსივობის ვარჯიში ჩაატარა გუნდთან ერთად. კაპიტნის მოედანზე ყოფნა ნაკრებს დამატებით ძალასა და თავდაჯერებულობას მატებს.
საქართველოს ნაკრებს უკრაინასა და ესპანეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება სანდრო მამუკელაშვილი. კალათბურთელი რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა და, NBA-ს რამდენიმე კლუბის მხრიდან ინტერესის მიუხედავად, ამ ეტაპზე უგუნდოდაა. აქედან გამომდინარე, მოქმედი საკლუბო კონტრაქტის არქონის გამო მისი დაზღვევა იურიდიულად შეუძლებელია.
შეკრებაზე 15 კალათბურთელი რჩება, საიდანაც მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი იმ 12-ს შეარჩევს, რომლებიც 2 ივლისს რიგაში უკრაინას დაუპირისპირდებიან.