თორნიკე შენგელია - კაბო ვერდე სუსტი გუნდი არ არის, თუმცა ვიცით, როგორ ვეთამაშოთ #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - კაბო ვერდე სუსტი გუნდი არ არის, თუმცა ვიცით, როგორ ვეთამაშოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კაბო ვერდესთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული გუნდები საწვრთნელ პროცესს „ოკინავა არენის“ გვერდით, „გიმნაზიუმში“ ატარებენ. საქართველოს ნაკრები დანიშნულების ადგილზე სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით მივიდა, რომელსაც დიდი ასოებით აწერია: WIN FOR GEORGIA (გავიმარჯვოთ საქართველოსთვის).

ვარჯიშის დაწყებამდე ექიმებს გავესაუბრეთ. გუნდში ყველა ჯანმრთელადაა, რაც შეეხება განწყობას – საბრძოლოა. კალათბურთელები ინტერვიუებშიც იმეორებდნენ, რომ კარგად იციან, რა შეუძლია კაბო ვერდეს და რა უნდა დაუპირისპირონ აფრიკელ მეტოქეს.

კაპიტანი თორნიკე შენგელია:

„ოკინავაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის. ქაღალდზე ჩვენ კაბო ვერდესთან ფავორიტები ვართ, სლოვენიასთან მატჩში კი უპირატესობას ბალკანელებს ანიჭებენ. თუმცა, ეს ბევრს არ ნიშნავს – მთავარია, ჩვენ ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. კაბო ვერდე სუსტი ოპონენტია არაა, მაგრამ თუკი მწვრთნელის დასახულ გეგმას მივყვებით, მიზანს მივაღწევთ.

სლოვენიელთა ლიდერი ლუკა დონჩიჩია, თუმცა ბალკანელებს შემადგენლობაში სხვა მაღალი კლასის მოთამაშეებიც ჰყავთ. მითამაშია სლოვენიელი კალათბურთელების მხარდამხარ, სლოვენიელი მწვრთნელიც მყოლია… დონჩიჩის განეიტრალებას რაც შეეხება, ამას ან პერსონალურად, ან კოლექტიური დაცვით შევეცდებით.

მინდა, მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს და მთლიანად იაპონელებს. ოკინავაში ჩამოსვლის შემდეგ არანაირი სირთულე არ გვიგრძვნია, იაპონელთა კეთილგანწყობას კი ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ“.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველო კაბო ვერდეს 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12 საათზე დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.