თორნიკე შენგელია - იტალიის ჩემპიონები ვართ, მისია შესრულებულია [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსში“ 2020 წელს გადავიდა. მას მერე ხუთჯერ ითამაშა იტალიის ჩემპიონატის ფინალში და ოქროს მოპოვება მხოლოდ წელს, 2024-25 წლების სეზონში მოახერხა.
2020 წელს მან „ბასკონიას“ მაისურით ფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა და ესპანეთიდან ჩემპიონის ტიტულით წავიდა. ამჯერად კი იტალიის ჩემპიონის ტიტულით ტოვებს აპენინის ნახევარკუნძულს. იგი კარიერას ისევ ესპანეთში, ამჯერად „ბარსელონაში“ განაგრძობს.
საინტერესოა, რომ 2020 წელს, როცა ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა, დუშკო ივანოვიჩი წვრთნიდა და ახლაც ამ სპეციალისტთან ერთად მოიგო იტალიის პირველობა.
„დუშკო ივანოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. მასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატიც მოვიგე და ახლა – იტალიის სერია A-ც. წარმატებული დუეტი ვართ.
მადლობა ღმერთს, რომ შრომა დაგვიფასდა და სეზონის ბოლოს მიზანს მივაღწიეთ. ბოლონიაში რომ ჩამოვედი, ვფიქრობდი, რომ დროებითი ადგილი იქნებოდა, მაგრამ ძალიან შემიყვარდა, ჩემი სახლია. ვამაყობ აქაურობით, ვამაყობ ჩემი გუნდით. მადლობა კლუბის პრეზიდენტს, კალათბურთელებს, გულშემატკივრებს. მისია შესრულებულია“, – თქვა თორნიკე შენგელიამ.