თორნიკე რიჟვაძე - სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან შენობების მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება
თორნიკე რიჟვაძე - სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან შენობების მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება

ბათუმში, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან შენობების მდგრადობას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

„მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. ჩვენი ინფორმაციით,ვეძებთ სამ ადამიანს, რომელიც ნანგრევებშია მოყოლილი. მაშველები გააგრძელებენ აქ მუშაობას. როგორც კი დაასრულებენ სამუშაოებს, აქ მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება. ამასთან, შსს-მ უკვე გააკეთა მყისიერი რეაგირება. დადგა კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.

მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი მოქალაქიდან ერთ-ერთი კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. ამასთან, ნანგრევებში მაშველების მიერ ნანახი იყო ხუთი ცხედარი.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.