თორნიკე რიჟვაძე - იგეგმება, მათ შორის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება
თორნიკე რიჟვაძე - იგეგმება, მათ შორის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება

იგეგმება, მათ შორის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„დღეს, პრემიერთან ერთად გვქონდა გარკვეული კონსულტაცია და იგეგმება მათ შორის, შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, რათა მომავალში რისკები მაქსიმალურად იყოს მინიმიზირებული და თავიდან ავიცილოთ ადამიანების დაღუპვა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა გაცემული ნებართვა 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებზე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ეს კონკრეტული სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა.

„თვითნებური სამუშაოები გულისხმობს იმას, რომ ეს კონკრეტული სამუშაოები ნებართვის მიღმა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა. ამ ეტაპზე, გამოძიების შედეგად გამოვლენილია, რომ აქ ხდებოდა თვითნებური სამუშაოების ჩატარება და მოიხსნა მზიდი კონსტრუქციები, რამაც შენობის ჩამოშლა გამოიწვია და ადამიანები დაიღუპნენ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, კონტროლის რა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული, რადგან მართალია, შეტყობინების ვალდებულება არსებობს, მაგრამ კორპუსის უსაფრთხოება მხოლოდ მეპატრონის კეთილსინდისიერებაზე, ან ამხანაგობის და მობინადრეთა რეაგირებაზე დამოკიდებული ვერ იქნება, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ თითოეული მეზობლის, მეგობრის თუ ახლობლის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთან ერთად, არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება.

„რა თქმა უნდა, როცა მეზობელი ხედავს, რომ ხდება კონკრეტული, თუნდაც შიდა სარემონტო სამუშაოების განხორციელება, ხდება ინტენსიური ჩარევა მათ შორის, სარდაფში, რა თქმა უნდა, ყველა ველით, რომ ამ ყველაფერზე იქნება შეტყობინება, როგორც შესაბამის უწყებებში, ასევე მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურებში, ვინაიდან ეს არის ყველას ერთიანი პასუხისმგებლობა და ვალდებულება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ გაკონტროლდება მიშენება-დაშენებების საკითხი, რადგან როგორც ცნობილია, აღნიშნულ კორპუსსაც ორი სართული ჰქონდა დაშენებული და ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ნგრევის მაპროვოცირებელი შესაძლოა, ეს დაშენებაც ყოფილიყო, რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ეს ალბათ, არის ერთობლიობა ნგრევის გამომწვევი მიზეზების, რომელიც საბოლოოდ დადგინდება, მანამდე კი, ამ კონკრეტული უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრისგან თავს შეიკავებს.

„ამ კონკრეტულ კორპუსზე 2010 წლის შემდეგ არ განხორციელებულა რამე სახის დაშენება. ეს არის ძველი პრაქტიკა, საკმაოდ მახინჯი და შესაძლოა ითქვას, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის რისკი“, – განაცხადა რიჟვაძემ.

შეკითხვაზე, როდის მოხდა საჯარო რეესტრის მიერ ბინის მესაკუთრის განცხადების დახარვეზება 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევამდე, თუ მის შემდეგ, რადგან როგორც ცნობილია, მესაკუთრემ უწყებას ორი ფართის გაერთიანებასთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს მიმართა, განცხადება კი 8 ოქტომბერს დახარვეზდა, რამაც გააჩინა კითხვები, ხომ არ ცდილობდნენ საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის მოწესრიგებას, რიჟვაძემ განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი სამშენებლო ნებართვებს არ გასცემს, ხოლო მეოთხე დღეს დახარვეზებას რაც შეეხება, მისი ინფორმაციით, ეს კანონით დადგენილ ვადაში მოხდა.

„ყველა ეს ფაქტობრივი გარემოება იქნება შესწავლილი და ამ საქმეზე ყოველთვის დადგება ობიექტური ჭეშმარიტება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გარდაცვლილთა ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

დატოვე კომენტარი