თორნიკე რიჟვაძე - ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ფერმერები აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას
თორნიკე რიჟვაძე - ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ფერმერები აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას

თამბაქოს რეალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მიერ გუშინ გამოცემული ბრძანება პოზიტიურად აისახება აჭარის მთიან რეგიონში მცხოვრებ თამბაქოს მწარმოებლებზე, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ფერმერები აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას.

„თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებლებზე, ფერმერებზე. ამიტომ, გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგინდა, რომ ფერმერები აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, არ დაიჩაგროს გლეხი და მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა მინისტრს და საქართველოს პრემიერ მინისტრს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ციტრუსის რთველზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს ქართული მანდარინი ტრადიციულ ქვეყნებთან ერთად სინგაპურში, სლოვენიასა და ყატარშიც გაიყიდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს რთველი ჩავატაროთ წარმატებით. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები რადგან ტრადიციულ ბაზრებთან ერთად რამდენიმე ახალი ქვეყანა, რამდენი ახალი საექსპორტო მიმართულება გვაქვს, მათ შორის სინგაპური, სლოვენია, ყატარი და ა.შ. ფასები არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რომ თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავლები და ნარინჯისფერი რთველი იყოს წარმატებით ჩატარებული აჭარაში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზეც.