თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი
თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

როგორც რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან. ამიტომ მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ იქ მყოფი ადამიანები. ვერსიებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა – როგორც სამაშველო ღონისძიებების გატარება, ასევე კონტაქტია იქ დარჩენილ და მცხოვრებ ადამიანებთან. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ახლა მთავარია, ვუშველოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.

დატოვე კომენტარი