თორნიკე რიჟვაძე აჭარაში საინვესტიციო პორტფელის გაოთხმაგებას გეგმავს

14:38, 29.03.2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში ორ წელიწადში საინვესტიციო პორტფელის გაოთხმაგებას და ორ მილიარდ ლარამდე გაზრდას გეგმავს.

განცხადება თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს იქნება პასუხი იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბათუმი საინტერესო აღარ არის ინვესტორებისთვის.

რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს, რომლებმაც თეატრის გახსნის დღეს აქცია მოაწყვეს, „შარლატანები” უწოდა, რომლებიც უნიჭო სპექტაკლებს დგამენ.

„ბოლო რვა თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს რეპუტაციულ ინვესტორთა ჯგუფებთან. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაოთხმაგოთ საინვესტიციო პორტფელი და აჭარაში უნდა მოვიზიდოთ არანაკლებ ორი მილიარდი ლარის ინვესტიცია, რაც დამატებით ექვსი ათას სამუშაო ადგილს შექმნის. ყველა ეს პროექტი და ინვესტიცია ხალხის დაკვეთას უნდა პასუხობდეს,”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი