თორნიკე რიჟვაძე - 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დააპაუზა და გააჩერა ძალადობა, ბიზნესის ტერორი და დაამკვიდრა ადამიანის ღირსება, თავისუფლება
თორნიკე რიჟვაძე - 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დააპაუზა და გააჩერა ძალადობა, ბიზნესის ტერორი და დაამკვიდრა ადამიანის ღირსება, თავისუფლება

2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დააპაუზა და გააჩერა ძალადობა, ბიზნესის ტერორი და დაამკვიდრა ადამიანის ღირსება, თავისუფლება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა ბათუმში სიტყვით გამოსვლისას, სადაც პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე წარადგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვისაუბროთ ჩემ საყვარელ ქალაქზე, მის აწმყოზე და მომავალზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბათუმმა, თავისი უდიდესი პოტენციალით, როგორც ეკონომიკური, ისე გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ბევრი სამართლიანი აღიარება ჰპოვა. გასული წელი მართლაც გამორჩეული იყო, ვინაიდან ბათუმი გახდა ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება. წელს უკვე „ფორბსმა“ ბათუმი დაასახელა საინვესტიციო ქალაქების ხუთეულში. ასევე, გვქონდა უამრავი მიღწევა სპორტის მიმართულებით და სამართლიანად იქნა წარმოჩენილი როგორც ქვეყნის, ასევე ქალაქის სახელი ჩვენი სპორტსმენების მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლო მოვლენების ფონზე, გლობალური პანდემიის ფონზე საქართველოს ხელისუფლების, პრემიერის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძელით, რომ ბათუმს შეენარჩუნებინა უსაფრთხო ქალაქის სტატუსი და მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, დღესაც მათ შორის, შიდა ტურიზმი ამ რეგიონში და ქალაქში შიდა ტურიზმი აქტიურად გრძელდება და ბათუმელები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე აქვს არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, მათ შორის ბათუმში.

„ჩვენი ე.წ. ოპონენტები ძალიან ხშირად გვაბრალებენ, თითქოს ჩვენ დავაპაუზეთ ამ ქალაქის, ამ რეგიონის განვითარება. მათ მინდა ვუპასუხო და დავეთანხმო მხოლოდ ერთ რამეში, რომ ჩვენ მართლაც 2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დააპაუზა და გააჩერა მათი ძალადობა, ბიზნესის ტერორი, მეწარმეების გაკულაკება და დაამკვიდრა ერთადერთი და ყველაზე ღირებული: ადამიანის ღირსება, თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლება და სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე ჩვენ შევძელით, რომ გვქონოდა არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და მათ შორის ბათუმში, განსაკუთრებით ყველას, როგორც პატარებს, ახალგაზრდებს და უფროს თაობას ჰქონოდა ხვალინდელი დღის იმედი, ჰქონოდა პერსპექტივა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით, რომელზეც ისაუბრეს ჩვენმა მეგობრებმა, თუმცა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „ოცნების ქალაქი“ იყო ჩვენი მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის ღირსების საკითხი.

რამდენიმე საათის წინ პრემიერ-მინისტრთან და გენერალურ მდივანთან ერთად ჩვენ მოვინახულეთ მიმდინარე მშენებლობა, რომელიც მართლა იქნება 2 000-ზე მეტი ბავშვის და მათი ოჯახების ახდენილი ოცნება და ძალიან მალე ისინი ღირსეულ საცხოვრისში შეძლებენ გააგრძელონ ცხოვრება ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქალაქში და ეს იქნება პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ეკომიგრანტების საკითხი ასე გადაიჭრა ამ რეგიონში.

ასევე, ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია განათლება და განათლებისა და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც ვაშენებთ, მართლა გახდება ბათუმელებისთვის და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ახალი საგანმანათლებლო კერა.

ასევე, მინდა კიდევ ერთხელ ყველას შეგახსენოთ, რომ 2006 წელს წინა ხელისუფლებამ ჩვენს ქალაქს, ბათუმს, ბათუმელებს და განსაკუთრებით სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულებს წაართვა და დაუნგრია სტადიონი. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, საზეიმო ვითარებაში გავხსნით ამ მართლაც დიდებულ სტადიონს, რომელიც არის როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მართლაც არქიტექტურული ნიმუში. ეს იქნება პასუხი ყველა სკეპტიკოსისადმი, ეს იქნება პასუხი იმ გაკეთებული საქმეების, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და გააკეთა 2012 წლიდან დღემდე.

მართალია, არავის გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის. ჩვენს მოქალაქეებს, რიგით ბათუმელებს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი, მაგრამ ჩვენ კონკრეტული გეგმებით, კონკრეტული ნაბიჯებით ვმუშაობთ, რომ პირველ რიგში ადამიანებს ჰქონდეთ ხვალინდელი დღის რწმენა და რა თქმა უნდა ყველაფერი კეთდებოდეს სამართლიანად, გამჭვირვალე გარემოში მოქალაქის ღირსების გაფრთხილების საფუძველზე.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ რომ, ამაყი, თავისუფალი და თავმოყვარე ბათუმელები მიიღებენ ღირსეულ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ ჩვენ წარმოდგენილ კანდიდატებს, რომლებსაც ბევრი წარმოდგენა ბათუმელების წინაშე არ სჭირდებათ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებზე.

„იცით, რომ საქართველოს პარლამენტში ჩვენმა გუნდმა არჩევანი გააკეთა რესან კოცელიძეზე, ძალიან დამსახურებულ ადამიანზე, დამსახურებულ ბათუმელზე, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობით ადასტურებს, რომ ის იყო სიმართლის და სამართლის მსახური და ის შეძლებს, რომ ჩვენი ქალაქი გახადოს კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო და მაღალი ტრიბუნიდან კიდევ უფრო უკეთ გაატაროეს თითოეული ბათუმელის ინტერესები.

ასევე, უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ ჩვენი გუნდის გამორჩეულ წევრს, ტიტე აროშიძეს, რომელმაც ბოლო პერიოდში დაატყო თავისი ეფექტური ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას და დარწმუნებული ვარ იმავე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას აჭარის უმაღლეს საბჭოში.

გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.