ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის მიხეილ სააკაშვილის სისხლის აღების პროცესზე დასასწრებად „ვივამედში“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იმყოფება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ამ წუთებში „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ყოფილი პრეზიდენტს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის „ვივამედის“ ექიმების დახმარებით დამატებით აუღებენ სისხლის ნიმუშს.
იმის დასადგენად, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწამლული, სამხარაულის ბიურომ სისხლის ანალიზის დამატებით ჩატარება მოითხოვა.
„ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველიც. შალვა ხაჭაპუროძის განმარტებით, გაუგებარია, თუ რატომ ითხოვს სამხარაულის ბიურო სიხლის ნიმუშს, როდესაც ტოქსიკოლიგიური კვლევისთვის საჭირო თმისა და ფრჩხილის ნიმუშები მიწოდებულია. მიიღებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამატებით კვლევაში მონაწილეობს, უცნობია, თუმცა მისი ადვოკატი ითხოვს, რომ ნიმუშის აღების პროცესს დაესწრონ მათი სამედიცინო ექსპერტები, როგორც ქართველი, ასევე, დისტანციური ჩართვით, ამერიკელი ექსპერტები.
შალვა ხაჭაპურიძე ასევე მიმართავს კლინიკა „ვივამედს“, მიაწოდონ ინფორმაცია, როდის განაცხადა სააკაშვილმა კვებაზე უარი და ე.წ. იძულებით ზონდით კვება რომელ საერთაშორისო გაიდლაინებში წერია.
„ვნახოთ, ვკითხავ, თუ მიიღებს მონაწილეობას მიხეილ სააკააშვილი. ფაქტი ერთი გახლავთ, რომ რა მეთოდითაც ისინი იკვლევენ ამ ანალიზებს, ეს არ არის მიღებული დადგენილი სტანდარტი. რატომ ითხოვენ მაინც და მაინც დაჟინებით, ვერ გეტყვით. სასამართლოზე დავაყენებთ, რომ თუ მტკიცებულებად წარმოადგენენ, დაუშვებელი მტკიცებულება იყოს. ზუსტ სურათს არ ასახავს, როდესაც თავიდან გამოითქვა ეჭვი, მაშინ გერმანიაში ჩატარდა ანალიზი სისხლით და არ დადასტურდა. „ვივამედმა“ რომ ჩაატარა მაისში, ზუსტად მაგაში მდგომარეობს მთელი ხარვეზი, სისხლის კი არ უნდა ჩატარებულიყო, უნდა ჩატარებულიყო თმების. თუმცა, ჩვენ სხვა მოთხოვნა გვექნება, დაასწრონ ამ ექსპერტიზის ჩატარებას ჩვენი ექსპერტები, დაესწრებიან ქართველები და უცხოელები დისტანციურად. მთელი მსოფლიოს სტანდარტით რაც არის მიღებული, მძიმე მეტალების აღმოჩენა და კვლევა ხდება თმითა და ფრჩხილებით. სხვა მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს დედამიწის ზურგზე. კი ბატონო, ჩაატარონ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.