ტოპ 14-ის მე-12 ტურში ორი ქართული ლელო დაიდო | ლეგიონერები
ტოპ 14-ის მე-12 ტურში ორი ქართული ლელო დაიდო | ლეგიონერები

გასულ შაბათკვირას ტოპ 14-ის მე-12 ტური გაიმართა.

ტურის პირველ მატჩში ლა როშელმა მონპელიეს უმასპინძლა და 26:14 დაამარცხა. მონპელიეს ქართველი ლეგიონერებისგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ კონსტანტინე მიქაუტაძე იყო. მან მოედანი 59-ე წუთზე დატოვა.

კახა ასიეშვილის და ვასილ ლობჟანიძის ბრივმა მძიმე ბრძოლაში 33:30 დაამარცხა ოიონაქსი. ასეიშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან 59-ე წუთზე ჩაერთო და 66-ზე გადამწყვეტი ლელო დადო. იმ დროისათვის ბრივი 4 ქულას (26:30) აგებდა. ვასილ ლობჟანიძე განაცხადში არ ყოფილა.

სტად ფრანსეს და რასინგ მეტროს დაპირისპირებაში ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ორივე მათგანი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ვასილ კაკოვინი რასინგის შემადგენლობაში 57-ე წუთიდან ასპარეზობდა, ხოლო ზურაბ ჟვანიამ სტად ფრანსეს რიგები 63-ე წუთიდან გააძლიერა. შეხვედრა სტად ფრანსეს ათქულიანი გამარჯვებით დასრულდა (27:17)

ოთხი ქართველი ლეგიონერი თამაშობდა კლერმონსა და აჟენს შორის გამართულ მატჩში.  ვიქტორ კოლელიშვილმა დაპირისპირება  ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 63 წუთი იასპარეზა. კაკაბაძე შეხვედრაში 48-ე წუთიდან ჩაერთო. რაც შეეხება აჟენს – ორივე ქართველი მორაგბე თამაზ მჭედლიძე და ვახტანგ ახობაძე სათადარიგოთა სკამზე იყვნენ. თაზო მოედანზე 51-ე წუთზე გამოვიდა, ხოლო ახობაძე 69-ზე. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გუნდის ბოლო ლელო სწორედ ახობაძის ანგარიშზეა. კლერმონმა აჟენი 35:26 დაამარცხა.

ტულონმა დიდი ანგარიშით – 39:11 დაამარცხა ლიონი. ქართველ მორაგბეთაგან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ლევან ჩილაჩავამ მიიღო, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო და მატჩში 53-ე წუთიდან ჩაერთო.