ტომაშ ფროელიხი – საქართველოს სურს, შეინარჩუნოს მძლავრი ქრისტიანული ტრადიცია, არ სურს, მეორე უკრაინად იქცეს, ეს უნდა გავიაზროთ, საქართველო უნდა განვიხილოთ, როგორც ხიდი აზიისკენ

23:09, 07.10.2026

საქართველო უნდა განვიხილოთ, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ხიდი აზიისკენ. თქვენი კონფრონტაციული მიდგომა საქართველოს მხოლოდ უცხოური ჰეგემონური ძალების მკლავებში აგდებს და ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

„რეალურად, რა გაღიზიანებთ საქართველოში? ქვეყანა ხომ ნორმალურად ვითარდება.

ფაქტები: 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ამაზე მხოლოდ შეგვიძლია ვიოცნებოთ. Chandler-ის კარგი მმართველობის ინდექსით საქართველო უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, ხოლო World Justice Project-ის კანონის უზენაესობის რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

რაზე ვსაუბრობთ აქ რეალურად? მე გეტყვით: საქმე სულაც არ ეხება დემოკრატიასა და მონაწილეობას. საქმე იმაშია, რომ საქართველო უარყოფს ვოუქ (woke) სიგიჟესა და ლგბტ პროპაგანდას, რადგან მას სურს შეინარჩუნოს თავისი მძლავრი ქრისტიანული ტრადიცია. და საქმე იმაშია, რომ საქართველო არ მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში, რადგან არ სურს, მეორე უკრაინად იქცეს. ეს უნდა გავიაზროთ.

საქართველო პატარა ქვეყანაა რთულ გარემოცვაში: რუსეთი, ირანი, თურქეთი. ასეთ პირობებში საქართველო ვალდებულია, სხვაგვარად მოიქცეს, ვიდრე თქვენ ისურვებდით. ჩვენ ეს მხედველობაში უნდა მივიღოთ და საქართველო უნდა განვიხილოთ, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ხიდი აზიისკენ. ეს არის რეალპოლიტიკა. თქვენი კონფრონტაციული მიდგომა საქართველოს მხოლოდ უცხოური ჰეგემონური ძალების მკლავებში აგდებს და ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“.

რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. პროექტის კენჭისყრა ხვალ, 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი