„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც მიუნხენურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, განაცხადა, რომ ეს ფაქტი არაფერს ცვლის და გუნდის მიზნების ბოლომდე მიყვანისთვის იბრძოლებს.
„სეზონის დასრულებამდე ჩემში არაფერი შეიცვლება. საკუთარ თავს ყოველთვის უმაღლეს მოთხოვნებს ვუყენებ და ახლაც ბოლომდე „ბაიერნის“ მიზნებისთვის ვიხარჯები. ჩვენ ორი ტიტულის მოსაპოვებლად ისევ ვიბრძვით, როგორ რთულად მისაღწევადაც ეს ახლა არ უნდა ჩანდეს. თითოეულ ტურში პლუს სამი ქულა. ყველაფერი მარტივია“, – მიაჩნია თომას ტუხელს.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბაიერნი“ მეორე ადგილზეა და „ლევერკუზენს“ რვა ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა კი ტუხელის შეგირდებმა „ლაციოსთან“ მინიმალური ანგარიშით დათმეს.