„პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა საკუთარი ემოციების შესახებ ილაპარაკა „ატალანტასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მოგების (2:1) შემდეგ.
„წარმოიდგინეთ, როგორ აღვნიშნავდი მეორე გოლს, ორივე ფეხი მთელი რომ მქონდეს. შესაძლოა, დღეს ჩემი 40-მეტრიანი სპრინტი გენახათ.
მაგრამ დღეს კლუბს დაბადების დღე აქვს – ზუსტად 50 წლის გახდა. ასე რომ, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში არ დავივიწყებთ ამ დღეს.
ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია ჩვენთვის. პსჟ-ის მენტალობა ჩემპიონთა ლიგაზე იცვლება. ეს ჯერ კიდევ „დორტმუნდთან” საპასუხო მატჩის შემდეგ მოხდა. იგივე ისტორია იყო: „ჩვენ ვერ გავალთ მეოთხედფინალში”. და ცუდად დავიწყეთ პირველი მატჩი. შემდეგ იყო ბევრი ცუდი ამბავი, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ.
ახლა ძალიან რთული იყო გუნდის მომზადება, რადგან საფრანგეთში უფეხბურთობის გამო, არ გაგვაჩნდა სათამაშო რითმი. მაგრამ ბოლო დღეებში ვხედავდი მონდომებას, ენთუზიაზმს, ვარჯიშების ხარისხს, რომელშიც სიყვარული და მუშაობა ერწყმოდა ერთმანეთს – ეს ყველაფერი განსაკუთრებულ დონეზე იყო.
ჩემი აზრით, გამარჯვება დამსახურებული იყო, მაგრამ როცა ასე გვიან გაგაქვს, ეს უკვე იღბალიცაა. თუმცა, მე პირველი ვაღიარებ, რომ აქ იღბალია საჭირო”, – თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ 46 წლის გერმანელმა 7 აგვისტოს ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა და ყავარჯნებით გადაადგილდება.