თომას ბახმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა გამოაცხადა, რომ ახალი ვადით აღარ აპირებს დაკავებულ თანამდებობაზე კენჭისყრას. ფარიკაობაში 1976 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი 2013 წელს რვა წლის ვადით აირჩიეს, რომლის შემდეგაც კიდევ ოთხი წლით დარჩა თანამდებობაზე.
2023 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 141-ე სესიაზე ორგანიზაციის წევრები წინადადებით გამოვიდნენ, შეეცვალათ ოლიმპიური ქარტია ბახის მესამე ვადით ასარჩევად.
„ყველანაირი მსჯელობის შემდეგ იმ აზრამდე მივედი, რომ აღარ ღირს შემდეგი ვადისთვის კანდიდატურის წამოყენება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად ჩვენ, ყველამ და, პირველ რიგში, მე, უნდა შევინარჩუნოთ ქარტიის მაღალი სტანდარტები. მე მტკიცედ მჯერა, რომ პრეზიდენტის პოსტზე 12 წელი მუშაობის შემდეგ ჩვენი ორგანიზაციისთვის სასარგებლო იქნება ხელმძღვანელობის შეცვლა.
ვთხოვ აღმასრულებელ კომიტეტს, დანიშნოს არჩევნების თარიღი 2025 წლის მარტისთვის. ახალი პრეზიდენტის მმართველობა 2025 წლის 24 ივნისს დაიწყება. დარწმუნებული იყავით, ამ თარიღამდე მთელ ჩემს ენერგიას ოლიმპიურ მოძრაობას მოვახმარ“, – განაცხადა ბახმა.