ტოკიო 2020-ზე რევიშვილმა პირადი შედეგები გააუმჯობესა - ცურვაში ტალანტები არიან, მაგრამ ამ პირობების გამო თავს ანებებენ, დაფინანსება გასაზრდელია #1TVSPORT
ტოკიო 2020-ზე რევიშვილმა პირადი შედეგები გააუმჯობესა - ცურვაში ტალანტები არიან, მაგრამ ამ პირობების გამო თავს ანებებენ, დაფინანსება გასაზრდელია #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა 400 მ. თავისუფალ სტილში საკვალიფიკაციო გაცურვა 3:57.49 წამში დაფარა და 795 ქულა მოიპოვა.

მართალია, ირაკლი ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა, მაგრამ კარიერის მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართველ მოცურავეებში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლიმ ეს დისტანცია ერთი თვის წინ 4:00.47 წამში დაფარა და ოლიმპიადისთვის მობილიზება და შედეგის 3 წამით გაუმჯობესება შეძლო. რევიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ტოკიო 2020-ზე გამოსვლა შეაფასა.

„2016 წელს საქართველოს რეკორდი დავამყარე. მას შემდეგ ასეთი შედეგი არ მიჩვენებია და ამით კმაყოფილი ვარ. საქმე ისაა, რომ 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე 45-ე ადგილი დავიკავე, ახლა კი 32-ე ვიყავი. შესაძლოა, ეს ბევრისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვინც ცურვაშია ჩახედული, მიხვდება, მსოფლიოს საუკეთესო მოცურავეთა შორის ქართველისთვის ამ შედეგის ჩვენება რამდენს ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი რევიშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

რა არის საჭირო, რომ ცურვაში ქართველმა სპორტსმენებმა უკეთესი შედეგები აჩვენონ? რევიშვილი ამის შესახებაც გველაპარაკა.

„ცურვაში ფინალში გასვლა და მედლის აღება ძალიან რთულია. მაგრამ მომავალ თაობას რომ ჰქონდეს ამის შანსი, ქვეყანამ და ფედერაციამ სახეობას ხელი უნდა შეუწყონ და ცურვა უფრო დაფინანსდეს – სხვაგვარად არაფერი გამოვა და არც გამოდის. წლებია ცურვაში ვარ, მაგრამ სასურველი ხელფასი და პირობები არ არის. არიან ტალანტები და ისინი ამ ყველაფერს რომ ხედავენ, თავს ანებებენ. რადგან მარტო ენთუზიაზმით სპორტი წარმოუდგენელია. იუნიორთა ნაკრების წევრების ხელფასი 200 ლარია, ხოლო საქართველოს ნაკრების რეკორდსმენების – 500 ლარი. ეს საწვავისთვის საკმარისი ფულიც არაა, ვარჯიშზე დღეში ორჯერ რომ იარო“.