ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნება
ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნება

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში ტერადა ვეარჰაუსში (Terrada Warehouse) გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნება.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. პროექტი განხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „სონისა” და კომპანია „ტოპანის” პარტნიორობით. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.