ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო
ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

ტოკიოს მეტროსადგურში Tennozu Isle ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო.

აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან Terrada Warehouse მისასვლელს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.

მათივე ინფორმაციით, სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო“, სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „სონი მიუზიქ კომპანი“ (Sony music communication) და კომპანია „ტოპანთან“ (TOPPAN) პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

დატოვე კომენტარი