ტოკიო 2020-ზე კარანტინი არ იქნება
ტოკიო 2020-ზე კარანტინი არ იქნება

იაპონიის მთავრობა 2021 წლის ოლიმპიური თამაშების დროს უცხოელი მაყურებლებისთვის ორკვირიანი კარანტინის წესის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს, – წერს სააგენტო Kyodo.

წყაროს ცნობით, გულშემატკივრებს ნებას დართავენ – ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ოღონდ ქვეყანაში გაფრენამდე და იაპონიაში ჩასვლის შემდეგ, ისინი ვალდებულნი იქნებიან გაიარონ ტესტი კორონავირუსზე. ამასთან, იაპონიამ ჯერ ვერ გადაწყვიტა, საერთოდ უმასპინძლებს თუ არა უცხოელ სტუმრებს.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. COVID19-ის პანდემიის გამო, 2020 წლის ოლიმპიადა ერთი წლით გადაიტანეს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ იაპონიის მთავრობა დაავალდებულებს ოლიმპიადის მონაწილეებს – გაიარონ კორონავირუსზე ტესტი იაპონიაში ჩასვლისთანავე, ასევე თამაშების დასრულების შემდეგ ქვეყნის დატოვებამდე. თუ უცხოელ სპორტსმენებს ექნებათ კორონავირუსის ტესტი უარყოფითი შედეგით, მათ ნებას დართავენ არ გაიაროს ორკვირიანი კარანტინი.