ტოკიო 2020 | მადიევი მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის - მოკრივეთა ნაკრების მწვრთნელი ოლიმპიური მედლის მოპოვებას იმედოვნებს #1TVSPORT
იაპონიის დედაქალაქში მსოფლიოს ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება გრძელდება. ტოკიო 2020-ზე დღეს საქართველოს წარმომადგენელმა მოკრივემ იასპარეზა.
69 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით გამოდის ესკერხან მადიევი, რომელმაც პირველ ბრძოლაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კუბელი სოტომაიორი დაამარცხა, 1/8-ში კი უგანდელ შადირი ბვოგისთან უპირატესობა პირველივე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა. მადიევი ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა და 30 ივლისს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს, ანდრეი ზამკოვოის შეხვდება.
„ორი ბრძოლა ჩავატარე, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები მყავდა და ორივე მოვიგეთ. ველოდები შემდეგი დაპირისპირებას, რომელიც 30 ივლისს მელის. მადლობა ყველას თანადგომისთვის, საქართველოს ოლიმპიურ გუნდს კი წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს ესკერხან მადიევი.
ესკერხან მადიევის გამოსვლა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ბეჟან ჭიჭინავამ შეაფასა:
„მადიევი პირველად ოლიმპიურ ფინალისტს და ევროპის ჩემპიონს, სოტომაიერს შეხვდა, რომელიც წარმოშობით კუბელია და ესკერხანმა ეს ბრძოლა მოიგო. დღეს უგანდელ სპორტსმენთან ურთულესი ბრძოლა ჰქონდა, ისევ გამარჯვებული დარჩა და მეოთხედფინალში გავიდა. უკვე იმ გზაზე დავდექით, რაც ჩვენი ოცნებაა – მოვიპოვოთ ოლიმპიური მედალი“, – ამბობს ბეჟან ჭიჭინავა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დელეგაციის სხვა წევრების გამოსვლებზეც ილაპარაკა:
„საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ოლიმპიადაზე სულ სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. სახილ ალახვერდოვი ჩინელ მოკრივეს შეხვდა, რომელიც ოლიმპიადის და მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი პრიზიორია. მძიმე ბრძოლა იყო და ჩინელმა მოკრივემ მცირედით აჯობა, მაგრამ სამომავლოდ მისი იმედი გვაქვს – სახილი სახელოვანი სპორტსმენია და შეჯიბრებებზე აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს. რაც შეეხება გიორგი ხარაბაძეს, მისი მეტოქე უზბეკეთის წარმომადგენელი იყო და ურთულესი ბრძოლა ჰქონდა. პირველი რაუნდი დათმო, მაგრამ მეორე რაუნდი მის უპირატესობით მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, წარბი გაუსკდა და გამოსვლა დაასრულა“.