ტოკიო 2020 | ფიჯიმ შვიდკაცა რაგბიში ოლიმპიური ოქრო ზედიზედ მეორედ მოიგო #1TVSPORT
ტოკიოს ზაფხულის თამაშებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირი დღეს დასრულდა და ფიჯის ნაკრებმა ოლიმპიური ოქრო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
კუნძულელები ფინალურ შეხვედრაში ახალ ზელანდიელებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ მატჩში, ანგარიშით 27:12 იმარჯვეს. თამაში სწორედ ფიჯელთა უპირატესობით დაიწყო – მეორე წუთზე „შავები“ მელი დერენალაგიმ დაალელოვა და თავისი გუნდი დააწინაურა. ორიოდ წუთში თავი მაქალა სირელიმაც გამოიჩინა – 12:0. ახალი ზელანდია ჩამორჩენამ გამოაფხიზლა და ტაიმის შუა ნაწილში გათამაშებულ კომბინაციას გუნდის ლიდერის, სკოტ კარის ლელო მოჰყვა. მალევე ჯიუტა ვაინიქოლომ კუნძულელებს კომფორტული, 14 ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლო წამებზე ახალ ზელანდიელებმა სხვაობა სიონე მოლიას ლელოთი კიდევ ერთხელ შეამცირეს – 12:19.
მეორე ტაიმის ერთადერთი ლელო ფიჯელთა რიგებში შეცვლაზე შემოსული ასაელი ტუივუაკას ანგარიშზეა. მატჩის მიწურულს დანიშნული საჯარიმო სამ ქულად ვაისეა ნათუქუმ აქცია და საბოლოო ანგარიში – 27:12 დააფიქსირა. ფიჯის შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა რიოში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა და ქვეყანას ისტორიაში მეორე ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
მესამე ადგილისთვის გამართულ დაპირისპირებაში ერთმანეთს არგენტინა და დიდი ბრიტანეთი შეხვდნენ. სამხრეთ ამერიკელებმა კვლავ გამოამჟღავნეს მებრძოლი ხასიათი და სასტარტო შეტევისას გაშვებული ლელოს მიუხედავად (ჰარისი) ლაუტარო ბაზან ველეზის და მარკოს მონეტას შედეგიანი იერიშებით მაინც მოახერხეს ტაიმის მოგება – 12:7. მეორე ნახევრის სტარტზე ოლი-ლინსდეი ჰაგმა ბრიტანელთა ჩამორჩენა შეამცირა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ არგენტინელთა მხრიდან ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ იგნასიო მენდიმ შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო მიითვალა და ბრინჯაო სამხრეთ ამერიკელებს ერგოთ (არგენტინა 17:12 დიდი ბრიტანეთი).