ტოივო კლაარი - ძალის გამოუყენებლობა, დევნილების საკითხი არის ძირითადი ელემენტები ჟენევის დისკუსიისა, იმედი გვაქვს, სასარგებლო მსჯელობა გვექნება
ტოივო კლაარი - ძალის გამოუყენებლობა, დევნილების საკითხი არის ძირითადი ელემენტები ჟენევის დისკუსიისა, იმედი გვაქვს, სასარგებლო მსჯელობა გვექნება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ტოივო კლაარის განცხადებით, ძალის გამოუყენებლობა და დევნილების საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე დისკუსიის ძირითადი ელემენტებია.

მისივე თქმით, როგორც თანათავმჯდომარეები, ეცდებიან, მოლაპარაკებებზე განსაკუთრებით წამოსწიონ ეს საკითხები.

ტოივო კლაარის განმარტებით, აქვთ იმედი, რომ სასარგებლო მსჯელობა გაიმართება.

„ჟენევაში ვიმყოფებით, რადგან თავად დისკუსიის ფორმატია მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საკითხებს, იგივეა – ძალის გამოუყენებლობა, დევნილები. ეს არის ძირითადი ელემენტები ჟენევის დისკუსიისა. ჩვენ ვეცდებით, როგორც თანათავმჯდომარეებმა, ამჯერადაც განსაკუთრებით წამოვწიოთ ეს საკითხები და გვაქვს იმედი, რომ სასარგებლო მსჯელობა გვექნება. ჟენევის დისკუსიები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ამ რაუნდის შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრაზე უფრო არსებითი მსჯელობა შედგება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩორჩანას თემა, ან ამ დრომდე ჩაკეტილი გადასავლელები. ერთი თვის წინ, ცხინვალში ვიზიტისას სწორედ ამ თემებზე გავამახვილეთ აქცენტი. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაგრძელებთ და ვცდილობთ ამ საკითხების მეტად აქტივაციას და წინ წამოწევას. ვიტოვებ იმედს, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებები იმართება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით.