თოფურია „ბერნაბეუზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენს და „რეალი“-„სევილიას“ მატჩს გახსნის #1TVSPORT
ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, 18 თებერვალს შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. ილია საქართველოსთვისაც და ესპანეთისთვისაც პირველი სპორტსმენია, ვინც UFC-ის ჩემპიონი გახდა. თოფურიას ტრიუმფი ორივე ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა, რაც შერეული ორთაბრძოლების დიდ პოპულარობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში „სამეფო კლუბი“ „სევილიას“ უმასპინძლებს. ილია თოფურია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენს და „რეალი“-„სევილიას“ მატჩს გახსნის.
„არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ გუნდი, რომელიც ესპანეთის ფასეულობებს ჩემთვის ყველაზე მეტად წარმოადგენს, მადრიდის „რეალია“. ეს ის ფასეულობებია, რომელთანაც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვაკავშირებ“, – განაცხადა ჩემპიონმა.
ილიას ჩემპიონობას მანამდე მადრიდის „რეალიც“ გამოეხმაურა:
„ვულოცავთ ილიას თოფურიას ესპანური სპორტის ამ ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ „რეალის“ ერთგული გულშემატკივარი UFC-ის ჩემპიონი გახდა“, – დაწერა „სამეფო კლუბის“ პრესსამსახურმა.