ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ განაცხადა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან მისი გუნდის გამოვარდნის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს, – ინფორმაციას TNT Sports ავრცელებს.
ტიტესთან ერთად „სელესაო“ ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაგრამ გუნდს ის წარმატება ვერ მოუტანა, რომელსაც გულშემატკივრები ელოდნენ. გუშინ პენტაკამპიონები მეოთხედფინალში ხორვატებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. 2018 წელს რუსეთში გამართულ მუნდიალზეც ბრაზილიის ნაკრები 1/4 ფინალში გამოვარდა, სადაც ბელგიის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა სპეციალისტმა ჯერ კიდევ ტურნირამდე თქვა, რომ ეროვნული ნაკრების დატოვება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სურდა. ტიტე ეროვნულ გუნდს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.
ბრაზილიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ბოლო ექვსი მატჩი წააგეს ევროპულ გუნდებთან მას შემდეგ, რაც 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანია დაამარცხეს.