ტირანაში აქციის მონაწილეებმა შენობების ფანჯრები ჩაამსხვრიეს, ნაგვის ურნები დაწვეს და სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა [ვიდეო]
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. მედიის ცნობით, ტირანას ქუჩებში შეკრებილი ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციას ღამითაც აგრძელებს.
„როიტერის“ ცნობით, აქტივისტების ნაწილმა შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია და სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენა, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.
ამასთან, აქტივისტებმა ნაგვის ურნები დაწვეს და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ალბანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, შეტაკებების დროს 89 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 61 პოლიციელი. სამართალდამცავებმა ასევე განაცხადეს, რომ, მინიმუმ, 65 მომიტინგე დააკავეს.
ცნობისთვის, ალბანეთში, მესამე დღეა, სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროტესტის მიზეზებია უმაღლესი განათლების გაზრდილი ხარჯები, ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობა. სტუდენტები ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომას მოითხოვენ. თავად პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.