ტირანაში აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

23:41, 31.10.2026

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, სადაც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს, მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

მედიის ცნობით, დღეს ტირანაში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. მათგან ერთი ორგანიზებული იყო სტუდენტების, მასწავლებლებისა და ახალგაზრდების მიერ და თავდაპირველად ქვეყნის განათლების სამინისტროს წინ იმართებოდა, ხოლო მეორე, რომელიც ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წინ.

მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით სტუდენტების აქციამ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლა, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, მყარ საგნებს ისროდნენ, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის, ალბანეთში სტუდენტების საპროტესტო აქციები, მე-19 დღეა, მიმდინარეობს. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ. ედი რამამ, რომელიც გასულ წელს მეოთხე ვადით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად, გადადგომაზე უარი თქვა და ოპოზიციური ჯგუფები და უცხოური ძალები ალბანეთის დესტაბილიზაციისთვის საპროტესტო აქციების გამოყენებაში დაადანაშაულა.

მსგავსი