თინათინ რუხაძე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის საჭიროებები, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ახალი სასწავლო წლიდან წარმატებული სტუდენტების სტიპენდიების გაზრდის საკითხსაც.
„თინათინ რუხაძემ უნივერსიტეტის ახალ ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. დღესვე კულტურის მინისტრმა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, მცირე საკონცერტო დარბაზი და სასწავლო-სამკერვალო სახელოსნო. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სწავლება ხელოვნების ოთხი (თეატრი, კინო, მუსიკა, სახვითი ხელოვნება) მიმართულებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.