თინათინ ნიბლოშვილი - მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციების გავლა აუცილებელია
თინათინ ნიბლოშვილი - მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციების გავლა აუცილებელია

მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მუშაობს და გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება, – ასე უპასუხა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევაზე.

ენმ-ს წევრმა ლილე ლიპარტელიანმა მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევის საკითხის ინიცირება მოითხოვა.

როგორც ნიბლოშვილმა აღნიშნა, მოსკოვის გამზირზე ათი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სახელის ცვლილების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კონსულტაციების გავლა აუცილებელია.

„მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით სახელდების კომისია მუშაობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არსებობენ კიდევ დაინტერესებული სხვა მხარეები, კონკრეტული სხვა განცხადებებიც არსებობს, მაგალითად იმ ადამიანების, ვისი შვილებიც დაიღუპნენ აფხაზეთის ომში და 2008 წელს. ასეთი განცხადებებიც არის შემოსული ჩვენთან და ისინიც ითხოვენ მოსკოვის გამზირის სახელდებას.

ლილე ლიპარტელიანმა მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევის საკითხის ინიცირება მოითხოვა, თუმცა არსებობს პროცედურა. მას სამართლებრივად ამ საკითხის ინიცირების უფლება არ ჰქონდა. პროცედურის მოხედვით, ამ საკითხის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს ან საკრებულოს ერთ მესამედს“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით „ვარდების მოედანს“ „პირველი რესპუბლიკის“ სახელობის მოედანი ეწოდება.