თინათინ ბოკუჩავა - სუს-ის აუდიოჩანაწერის გამოყენება არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს
სუს-ის აუდიოჩანაწერის გამოყენება არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს, – განუცხადა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინათინ ბოკუჩავამ.
„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუმცა ამ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება სუს-ის მხრიდან ვერ გახდება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის არგამოძიების საპირწონე. მრავალი თვეა, პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს, ამიტომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პარლამენტს და სამშაბათის სხდომაზე დავაყენებთ უკვე ოფიციალურადაც, რომ შეიქმნას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის ირგვლივ საგამოძიებო კომისია პარლამენტში. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, დაიჭირონ მხარი ამ ინიციატივას და შევისწავლოთ არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, არამედ ასევე ის აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს გამოაქვეყნა სუს-მა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ეს არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს მაჩალიკაშვილის საკუთარ სახლში, საკუთარ ლოგინში მკვლელობის საქმეს. ფაქტია, ეს არის მცდელობა, რომ საპირწონედ წარმოაჩინოს აღნიშნული აუდიოჩანაწერი და საზოგადოებას არ მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიიღონ თავიანთ კითხვებზე პასუხები“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
სუს-ის ინფორმაციით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.