თინათინ ბერძენიშვილმა და კომპანია „თბილი სახლის“ დირექტორმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც პირველი არხის ახალი შენობის ელექტრომექანიკური საინჟინრო სამუშაოებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და კომპანია „თბილი სახლის“ დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც მაუწყებლის ახალი შენობის ელექტრომექანიკური საინჟინრო სამუშაოებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, კომპანია გამჭვირვალედ, სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შეირჩა.

„ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობაში მორიგი ფაზა იწყება, რომელიც ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. უპირველესად, ყოველთვის ხაზს ვუსვამ და მიხარია, რომ სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვეს ქართულმა კომპანიებმა. მშენებლობის ყველა ეტაპზე სხვადასხვა ქართული კომპანია მონაწილეობს. ახლა იწყება საინჟინრო პროცესი, რომელიც ასევე სამაუწყებლო ინჟინერიასთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა. ყველა პროცესი არის საჯარო, რადგან ჩვენი მაყურებელიც ელოდება არა მხოლოდ შინაარსს, არამედ პასუხისმგებლობით დახარჯულ თანხას, რომელიც ტელევიზიას მოხმარდება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

კომპანია „თბილი სახლის“ იურისტ ირინა ჯანელიძის განცხადებით, ტენდერის თანახმად, სამუშაოების ღირებულება 39 844 276 მლნ ლარს შეადგენს.

„ჩვენ ამ პროექტს ვუყურებთ როგორც ქვეყნისთვის ისტორიულ პროექტს. ძალიან გვიხარია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება თანამედროვე შენობა, რაშიც ჩვენი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. განვახორციელებთ ტელევიზიის შენობის ელექტროსაინჟინრო კომუნიკაციების სამუშაოებს. ამ ტენდერში დაახლოებით 40 მლნ ლარამდე არის სამუშაოების ღირებულება“, – განაცხადა ირინა ჯანელიძემ.

კომპანია „თბილი სახლი“ ტელევიზიის ახალი შენობის ელექტრომექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოებს შეასრულებს. მათ შორის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციას, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგება-სუსტი დენების სისტემებს, ლიფტების მიწოდება-მონტაჟს.

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. მაუწყებლის ახალი შენობა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში.