თინათინ ბერძენიშვილი - ყველა დირექტორის მცდელობა ფიასკოთი მთავრდებოდა, რადგან ინტელექტუალური პროდუქტის ტენდერით შესყიდვა შეუძლებელია
თინათინ ბერძენიშვილი - ყველა დირექტორის მცდელობა ფიასკოთი მთავრდებოდა, რადგან ინტელექტუალური პროდუქტის ტენდერით შესყიდვა შეუძლებელია

პირველი არხის გენერალურ დირექტორს იმისთვის ვქირაობთ, რომ სტრატეგიული გეგმები და ამოცანები სწორად, კარგად განახორციელოს და წარმოიდგინეთ, მას შეიძლება, შუა წელიწადში ბიუჯეტი ისე შეეცვალოს, ამის შესახებ არც იცოდეს, – ამის შესახებ პირველი არხის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ დრომდე არსებული რედაქციით, პირველი არხის მენეჯმენტი და ბორდი ერთობლივად იღებს მაგალითად, ბიუჯეტს და შეუძლია დებულების შეცვლა. თუმცა, ამავდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს მენეჯმენტის, გენერალური დირექტორის გარეშე შეუძლია, ბიუჯეტი და დებულება შეცვალოს. ბიუჯეტი ყოველწლიურად იგეგმება და მისი უდიდესი ნაწილი გადაცემებს მოიცავს. სამეთვალყურეო საბჭოს კი შეუძლია, მაგალითად, შუა წელიწადში რომელიმე გადაცემა ისე გააუქმოს, რომ მენეჯმენტს, გენერალურ დირექტორს არ შეუთანხმოს. სამეთვალყურეო საბჭოს ხომ ისედაც აქვს მყარი ბერკეტი, რადგან შეუძლია, დირექტორი ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს, თუ ჩათვლის, რომ ის ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ან სხვა საქმიანობას ვერ ახორციელებს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, როცა უფლებამოსილების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, ვიღაცას ის უნდა ეზრდებოდეს, ამ ცვლილებით კი, დირექტორს არაფერი ეზრდება.

„უბრალოდ, კონსენსუსის დროს, მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას ერთად იღებს, რაც უფლებამოსილების შეზღუდვასთან არანაირ კავშირში არ არის“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა შესყიდვებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ისტორიის განმავლობაში უამრავი დირექტორი ჰყავდა, მაგრამ რატომღაც ვერც ერთმა, ვერც კარგმა, ვერც საშუალომ, თუ ცუდმა ვერ მოახერხა, არსებული კანონის მიხედვით გადაცემა ეყიდა.

„ყველა დირექტორის მცდელობა ფიასკოთი მთავრდებოდა, რადგან ინტელექტუალური პროდუქტის ტენდერით შესყიდვა შეუძლებელია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.