თინათინ ბერძენიშვილი - წინასაარჩევნოდ საქართველოს პირველი არხი შიდა მონიტორინგს იწყებს პროგრამით, რომელიც ყველა ჩვენი მედიაპლატფორმის მონაცემებს დაითვლის
თინათინ ბერძენიშვილი - წინასაარჩევნოდ საქართველოს პირველი არხი შიდა მონიტორინგს იწყებს პროგრამით, რომელიც ყველა ჩვენი მედიაპლატფორმის მონაცემებს დაითვლის

წინასაარჩევნოდ საქართველოში რამდენიმე ტიპის მონიტორინგი ტარდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პირველი არხი იწყებს შიდა მონიტორინგს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ორი წელია, მიმდინარეობს მუშაობა ავტომატიზებულ პროგრამაზე, რომელიც ითვლის პირველი არხის ყველა მედიაპროდუქტს, როგორც სატელევიზიო, ისე რადიო და ვებპლატფორმებს.

„პროგრამის მიერ დათვლილი ყველა მონაცემი გამოქვეყნდა ყოველ ორშაბათს საიტზე 1tv.ge. წინასაარჩევნოდ ფოკუსს გავაკეთებთ ჩვენი ეთერის სრულ მონიტორინგზე, დავითვლით ყველა მონაცემს და გავაშუქებთ, ვის რამდენი დრო დაეთმო, ასევე გვექნება მონაცემები, რა დრო დაეთმო ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: შემეცნება, კულტურა, განათლება და სხვა.

პატივს ვცემთ ყველა მონიტორინგს, მაგრამ ერთია ვეთანხმებით თუ არა ამ მონიტორინგის შედეგებს, რადგან გვაქვს პრეტენზია, თუკი რაიმე სტანდარტი არსებობს საქართველოში მედიამიმართულებით, ამას მაქსიმალურად ვიცავთ.

ორი წლის განმავლობაში ამ პროგრამის შექმნა ემსახურებოდა მიზანს, რომ თავად დავკვირვებოდით ეთერს, მაგალითად, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება გვაკლდეს ან მეტი გვქონდეს, ვფარავთ თუ არა ყველა მიმართულებას. გაწეულია ძალიან დიდი სამუშაო, ახლა დასრულდა, წინასაარჩევნოდ კი, ვამატებთ ერთ სექციას, რომელიც პარალელური დათვლა იქნება ჩვენთვის. საკუთარ თავს ჩვენც შევამოწმებთ და იმ მონიტორინგის შედეგებსაც, რომელსაც ვიხილავთ.

ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და ყოველ კვირას საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რას და როგორ აშუქებს საქართველოს პირველი არხი. ხშირად საუბრობენ მონაცემებით მანიპულაციაზე, ინტერპრეტაციაზე. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება გამოქვეყნებული მონაცემები ჰიპერლინკებით გადაამოწმოს, რომელიც ამ პროგრამაში დაიდება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.