თინათინ ბერძენიშვილი - ვაპირებთ, ძალიან აქტიურად შევუერთდეთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთი აქტივობით უერთდება.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, პირველი არხის შენობა დღეს განათდება ალისფერი წითელი ფერით, რაც ყველაზე მეტად მიიქცევს ყურადღებას.

„ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოს 16-დღიან კამპანიას და გაწერილი გვაქვს ერთგვარი გეგმა, რას გავაკეთებთ, ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გვექნება არაერთი აქტივობა. ჩვენი შენობა განათდება ალისფერი წითელი ფერით, რომელიც ყველაზე მეტად მიიქცევს ყურადღებას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არსებობს და ყველამ ერთად, საზოგადოებამ უნდა აღვკვეთოთ ეს ძალადობა. გარდა ამისა, არაერთი რეპორტაჟი გვაქვს მომზადებული ამ თემაზე და გვინდა, რომ იყოს უწყვეტი ციკლი რადიოზე, ტელევიზიაზე და ვებპლატფორმაზე. ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის და არა მარტო მათთვის, ვინც ამ თემებზე მუშაობს, ჩვენი კარი ღია არის. ვაპირებთ, ძალიან აქტიურად, ჩვენი მისიის ფარგლებში შევუერთდეთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

დატოვე კომენტარი