თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი არის და იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიასაშუალება
თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი არის და იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიასაშუალება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის და იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიასაშუალება.

თინათინ ბერძენიშვილმა შეაფასა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელი კენჭისყრა, რომელზეც მის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა მხარი დაუჭირა.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. დაწყებული საქმე უნდა გაგრძელდეს, რადგან ეხება ტექნოლოგიურ გადაიარაღებას, ახალ შენობას – ეს არის პროცესი, რომელიც დაწყებულია და ამ საკითხზე არსებობს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება, მათი გადაწყვეტილებაა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს.

ხშირად გვავიწყდება, რომ გარდა მედიაკონტენტისა, პროდუქტის შინაარსისა, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, არის მართვითი პროცესები. ყოველთვის ვამბობ, ორგანიზაციის მართვისას გასათვალისწინებელია კონკრეტული ციფრები, ერთგვარი „ექსელის“ ფაილი. საკმაოდ რთული პროცესია, იმ გაგებით, რომ ორგანიზაციაში ახალ ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა ამ პროცესის დალაგება, ამ პროცესში გარკვევა და რბილად რომ ვთქვათ, შემდეგ პროცესის მართვა.

ცხადია, უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკავია ჟურნალისტიკის ნაწილს. ხშირად ჩნდება შეკითხვები, როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის კურსი და ალბათ, აქ გულისხმობენ მედიასტანდარტს. შემიძლია, დავარწმუნო ჩვენი მაყურებელი და ეს ასეც იქნება – ვეცდები, ყოველდღიურად ვისაუბროთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც 70 წლის ისტორია აქვს, არის ევროპული კურსი, მათგან გავლილი, ნაშრომი და ნაბრძოლი გზა. დიახ, საზოგადოებრივი მაუწყებლის განაცხადია, რომ ის არის და იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიასაშუალება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს, თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს არის რთული, მაგრამ ამ კუთხით არხი ძალიან კარგად არის მომზადებული.

„ეს მართლაც ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ამ ყველაფერს კარგი მხარე აქვს – ამ პროცესში მე უკვე ჩართული ვარ. დაახლოებით ერთი წელია, ჩვენს ორგანიზაციაში დაიწყო ტრენინგები, ანგარიშების გამოქვეყნება, ამუშავდა მონიტორინგის სისტემა, ძალიან კარგად მოვემზადეთ. მინდა, ყველას ვთხოვო, როცა საჯაროობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვადევნონ თვალი, ყველანაირ ინფორმაციას ვდებთ, ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე; ვფიქრობ, ამ კუთხით ძალიან კარგად ვართ მომზადებული. თუმცა, არასდროს არ უნდა თქვა არასდროს – ამიტომ, ძალიან დიდი გულისყურით, სიფრთხილითა და რაც მთავარია, შეფასების კრიტერიუმების წარმოჩენით, მაყურებლამდე მიტანით ვიქნებით ძალიან პროაქტიურები“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი დღეს აირჩია.