თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პირველი არხისთვის ცენტრში არის საზოგადოება, ადამიანები და ყველაფერი კეთდება მხოლოდ მათთვის 
თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პირველი არხისთვის ცენტრში არის საზოგადოება, ადამიანები და ყველაფერი კეთდება მხოლოდ მათთვის 

საქართველოს პირველი არხისთვის ცენტრში არის საზოგადოება, ადამიანები და ყველაფერი კეთდება მხოლოდ მათთვის, – განაცხადა საქართველოს პირველი არის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საქართველოს რადიო კაფის პირდაპირ ეთერში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

„ბევრი რამ ითქვა ჩვენი ეთერით – დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია სიტყვის თავისუფლება და ყველაზე მეტად საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრთხილდება ამას, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით. კითხვის ნიშანიც არ უნდა ჩნდებოდეს, რომ ოდესმე ეს მონაპოვარი დაიკარგოს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მაუწყებელი 26 მაისისთვის მაყურებელს საინტერესო და ღირებულ ეთერს სთავაზობს.

„დღევანდელი ჩვენი ეთერი ორიენტირებულია საზოგადოებაზე და მაყურებელს ტელევიზიით, რადიოთი და ონლაინმედიით შევთავაზებთ ძალიან საინტერესო ეთერს. სამი ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერას შემოგთავაზებთ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგვარ ქრონიკას წარმოადგენს.

სწორედ ღირებულებებზეა დაფუძნებული ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლობა – 100 წლის წინ, საზოგადოებრივ მაუწყებლობას საფუძვლად დაედო გარკვეული ღირებულება, რასაც ჩვენც მოვაწერეთ ხელი, 2012 წლიდან შევუერთდით ამ კონვენციას და ამ ღირებულებებს ვინარჩუნებთ – შინაარსზე ორიენტირებული და არავითარ შემთხვევაში ერთი დღისთვის. ჩვენი მაყურებელი და მსმენელი ამ ღირებულებებზე იზრდება – ინფორმაცია, შემეცნება, გართობა, განათლება, სპორტი. სხვათა შორის, ეთერისთვის მომზადდა საქართველოს სპორტული გამარჯვებების შესახებ ვიდეორგოლი. არ შეიძლება, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ პატრიოტული გრძნობა არ დაგეუფლოს. ხშირად ჩვენ არ ვაფასებთ ქვეყნის გარეთ ჩვენი პატარა ქვეყნის მიღწევებს, არადა ნებისმიერი წარმატება ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენ ვართ პატარა, გეოპოლიტიკურად რთული ქვეყანა, თუმცა მებრძოლი სული გვქონდა, გვაქვს და გვექნება. ძალიან მნიშვნელოვანია ამის მეტად დაფასება და კარგის შენარჩუნება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.