თინათინ ბერძენიშვილი - სამწუხაროდ, დამკვიდრდა, რომ უფრო კარგ ჟურნალისტად ითვლება ის, ვინც ამორალურ, არაჟურნალისტურ სტანდარტს დაიცავს
თინათინ ბერძენიშვილი - სამწუხაროდ, დამკვიდრდა, რომ უფრო კარგ ჟურნალისტად ითვლება ის, ვინც ამორალურ, არაჟურნალისტურ სტანდარტს დაიცავს

ახალი ამბების მიწოდების არქიტექტურა აბსოლუტურად შეცვლილია და მიდის კონკურენცია ადამიანის ყურადღებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადამიანის ყურადღების გამაღიზიანებელი ინფორმაცია მოპოვებულია აბსოლუტურად არანორმალური გზებით, რომელსაც არანაირი სტანდარტი და ეთიკა არ ცნობს. მეცინება კიდეც ამ სიტყვებზე. ჩვენ ბევრ სახელმძღვანელოს ვწერთ და ვკითხულობთ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ეს მხოლოდ ჩვენთვის არის შექმნილი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, თუ რა გავლენას ახდენს ამგვარი ინფორმაცია ადამიანის ფსიქიკაზე და ბოლო დროს, დასავლური მედიაც ამაზე წერს, როგორ შეირყა ადამიანთა ფსიქიკა ინფორმაციის არასწორად მიწოდებით. 

„ბოლო დროს, პირდაპირ ეთერში ვხედავთ მიცვალებულების ამოსვენებას და ა.შ. ეს არ არის ახალი ამბები. სულ ვამბობთ, რა შეიძლება, იყოს შემდეგი და ხშირად გვითქვამს, რომ ეს შეიძლება, ბოლო ზღვარი იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ზღვარი არ არსებობს. ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს საკუთარი მორალური ზღვარი. ეს შენი ვალდებულებაა. შენ არ გაქვს უფლება, სხვანაირად იყო ამ პროფესიაში. მიკროფონის ჭერა ძალიან დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. სად არის ჰუმანურობა, სად არის ემპათია? ადამიანები გავცდით ამ ყველაფერს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, იმას, რაც ქართულ მედიაში ხდება, ჟურნალისტიკას ვერ დაარქმევს.

„იმას, რაც ხდება, ჩვენ პროფესიასთან არაფერი აქვს საერთო. მე ამას ვერ დავარქმევ ჟურნალისტიკას და ვერ დავარქმევ მედიას. რას ვზღუდავთ, რაც დაშვებული არ არის?! აი, ეს შეკითხვაა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დამკვიდრდა სტანდარტი, რომ უფრო კარგ ჟურნალისტად ითვლება ის, ვინც ამორალურ, არაჟურნალისტურ სტანდარტს დაიცავს.

„ვფიქრობ, ეს არის საშიშროება. კიდევ კარგი, ახალგაზრდა თაობა ტელევიზორს არ უყურებს. იქ, სადაც უყურებს და ნახულობს, იქაც ხვდება, მაგრამ იქ უფრო მეტი ფილტრია და ამაზე ალგორითმები უფრო გვეხმარება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ამ ვითარებაში საზოგადოებრივ მაუწყებელს კიდევ უფრო მეტად უმძაფრდება ის როლი, რომელიც მას აქვს, რომელსაც ორგანიზაცია გრძნობს და მაქსიმალურად ცდილობს, ეს პასუხისმგებლობა ძალიან მაღალი იყოს.