თინათინ ბერძენიშვილი - საბავშვო ევროვიზიას 70 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, მათემატიკური სიზუსტით ჩაიარა ყველაფერმა, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ვფიქრობ, ეს არის გამარჯვება, წინ, ახალი წარმატებებისკენ
საბავშვო ევროვიზიას 70 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რაც მთავარია, უხარვეზოდ, მათემატიკური სიზუსტით ჩაიარა ყველაფერმა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს ძალიან რთული შესაჯამებელია, რადგან ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად დასრულდა და დასრულდა საუკეთესო ფორმით. ჩვენ რომ არაფერი ვთქვათ, რაც ხდებოდა პირდაპირ ეთერში, მაყურებელმა თავად ნახა. დიდი მადლობა მათ, ვინც იყო დარბაზში, ვინც გვიყურა. ბევრ საბავშვო ევროვიზიას დავსწრებივარ, ასეთი აუდიტორია ძალიან ბევრ ქვეყანას არ ჰყავს – ასეთი ჩართული, ყველა ქვეყნისთვის გულშემატკივარი, ტაშს რომ არ იშურებს, უხარია და უყვარს ყველაფერი, რაც ხდებოდა სცენაზე. ასევე, ტელემაყურებელი გაერთიანებული იყო ტელეეკრანებთან, რა სტატისტიკასაც ახლა ვიღებთ, 70 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რადგან ფართო ტრანსლაცია იყო. ამ ყველაფერს კიდევ შევაჯამებთ. რაც მთავარია, უხარვეზოდ, აბსოლუტური გეგმარებით, დროით, მათემატიკური სიზუსტით ჩაიარა ყველაფერმა“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე შეფასებით, ერთი წლის შემდეგ ეს დღე შედგა.
„აუცილებლად უნდა გამოვყო შინაარსობრივი მხარე. ვფიქრობ, ბასა ფოცხიშვილმა აჩვენა ქართული კულტურა, ჩვენი საწყისი, თავისი გახსნით და დახურვით. მუსიკალური მხარე – გიგა კუხიანიძე, რომელმაც ოთხჯერ მოიგო ევროვიზია, მაგრამ გარდა ამისა, ძალიან ზუსტად გააფორმა ფინალური შოუ. აუცილებლად დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, პირველივე დღიდან იყვნენ ჩართული, საჯარო სექტორის ყველა თანამშრომელს, დაწყებული სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიდან, რომლებიც დღეს და ღამეს აქ ათენებდნენ, დამთავრებული დაცვის თანამშრომლებით, ანიტას გამოსვლაზე აქ ყველა ტიროდა. ეს დღე ერთი წლის შემდეგ შედგა, როდესაც ყველანი ბედნიერები ვართ და ჩვენთან ერთად ბედნიერია მთელი ევროპა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის დირექტორმა.
ამასთან, თინათინ ბერძენიშვილმა საფრანგეთს კონკურსში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ გამარჯვებულ საფრანგეთს. ვფიქრობ, ძალიან ღირსეული გამარჯვებულია, რადგან ერთ-ერთი ლიდერი იყო. თავად საფრანგეთის დელეგაციამ აღიარა, რომ ასეთი გადაღება რომ არ ყოფილიყო, ნომერი არ იქნებოდა ასეთი ეფექტური, რადგან ეს არის მთლიანობა და ერთიანობა. აბსოლუტურად ყველა დელეგაცია არის ბედნიერი, კმაყოფილი, რადგან საკუთარი ქვეყნები წარადგინეს. ისევ და ისევ ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ვფიქრობ, რომ ეს არის გამარჯვება. წინ, კიდევ ახალი წარმატებებისკენ, თუმცა იმხელა თამასა გვაქვს აწეული, ვნახოთ, მომავალ წელს საფრანგეთი დაგვეწევა თუ არა იმ სილამაზეში და პროდუსინგში, რაც დადო საქართველომ“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.