თინათინ ბერძენიშვილი - ქართული კანონმდებლობა ახლოვდება ევროპულთან და მიმაჩნია, რომ ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ არის მართებული, ამას აუცილებლად მივუბრუნდებით
თინათინ ბერძენიშვილი - ქართული კანონმდებლობა ახლოვდება ევროპულთან და მიმაჩნია, რომ ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ არის მართებული, ამას აუცილებლად მივუბრუნდებით

სწორედ ახლა, როდესაც ქართული კანონმდებლობა ახლოვდება ევროპულთან, მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ არის მართებული და აუცილებლად მივუბრუნდებით მას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, საუბარი არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაზე, არამედ საუბარია წესის ცვლილებაზე.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ დაფინანსებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მოდელის წესის ცვლილებაზე, რაც მგონია, რომ ყველაზე დიდი პრობლემაა. დაფინანსება ცალკე საკითხია და ამაზე კიდევ შეიძლება, ვისაუბროთ. პირველი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა მისია აკისრია მას. მგონია, რომ ეს კარგად არ არის გააზრებული, რაც პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ვიღებთ ისეთ კანონებს, რომლებსაც რაღაც ნაწილში არ აქვს გამართლება; მეორე – ჩვენ გვაქვს დაფინანსების ევროპული მოდელი, ვსაუბრობთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის, 47 ქვეყნის 64 მაუწყებლის მაგალითზე და მარტივი კითხვაა, თუ არცერთ მათგანს არ აქვს დაფინანსების ასეთი წესი, რატომ უნდა გვქონდეს ჩვენ? ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა ჩვენ არ მოგვეცა ამ კითხვის დასმის და შემდეგ პასუხის მოსმენის საშუალება. ასევე, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკვეთრი წერილი, სადაც ევროპის საბჭოს არაერთი ჩანაწერია იმის შესახებ, როგორი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და რა როლი აკისრია მას ქვეყანაში. სხვათა შორის, ევროპის საბჭოს მიერ სულ ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ჩვენი ქვეყნის შეფასებას ეხებოდა, ხაზგასმულია სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ის ფორმა, რომელიც ახლა არსებობს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ერთი მხრივ, სარედაქციო დამოუკიდებლობაა მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ კი, ფინანსური დამოუკიდებლობა, რადგან ეს ერთმანეთთან კორელაციაშია.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე, რაც  უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. ერთი მხრივ, სარედაქციო დამოუკიდებლობაა მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ, ფინანსური დამოუკიდებლობა, რადგან ეს ერთმანეთთან კორელაციაშია. ჩვენ არ ვართ, მაგალითად, პროკურატურა ან სახალხო დამცველი, ჩვენ ვართ ცოცხალი ორგანიზმი, მედია, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირად იმართება ევროპის ყველა ქვეყანაში. ასევე, აღსანიშნავია მედიის თავისუფლების ევროპული აქტი, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი საკანონმდებლო დოკუმენტია დღეს ევროპის საბჭოში, იქაც ხაზგასმით არის ჩაწერილი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადეკვატური დაფინანსების შესახებ და მინისტრთა კომიტეტის ეს 26-ე მუხლი ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს იყო განხილული და პირველი მოსმენით მიღებული, აუცილებლად უნდა იყოს ნიველირებული. აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მიღებული ცვლილება ჩვენზე ძალიან მალე, იანვარში უნდა აისახოს, რაც რისკის ქვეშ აყენებს ყველა ჩვენს მომავალ კონტრაქტს. ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა ინდუსტრიულ, კრეატიულ სექტორთან, ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ გარე წარმოების კომპანიასთან და პარტნიორ ორგანიზაციასთან, ჩათვალეთ, რომ მათთან პარტნიორობას და ხელშეკრულებების გაგრძელებას ვეღარ შევძლებთ. ასევე, გავბედავ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მშენებლობა გვაქვს წამოწყებული პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება და ახლა მიღებული ეს ცვლილება, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უარყოფითად აისახება ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ არის მართებული.

„სწორედ ახლა, როდესაც ქართული კანონმდებლობა ახლოვდება ევროპულთან და გვაქვს ვალდებულებები, მათ შორის 12 რეკომენდაციაშიც მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავარ ფოკუსშია, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მართებული და ჩვენ აუცილებლად კიდევ მივუბრუნდებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვითხოვეთ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად შევცვლით“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.