თინათინ ბერძენიშვილი MIPCOM-ის ფარგლებში გამართული სესიის მენტორია
18:31, 18.10.2023
პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი MIPCOM-ის ფარგლებში გამართული სესიის მენტორია. MIPCOM-ი სატელევიზიო და შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც წელს 39-ედ იმართება. საფრანგეთის ქალაქ კანში 110 ქვეყნის 12 000 დელეგატი მოიყრის თავს.
უკვე მეხუთე წელია, MIPCOM-ის მონაწილე ქალი ლიდერები განსაკუთრებულ ფორმატში ახდენენ გამოცდილების დემონსტრირებას. წელს სესიას მთელი მსოფლიოდან 140 დელეგატი ესწრება.
„საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის ღონისძიებაში უნიკალურია, Mediaclub’elles წლებია, ზრუნავს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაზე სხვადასხვა ფორმატით, მათ შორის ორგანიზებას უწევს mediaclub’elles-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას „Les Trophées mediaclub’elles“, რომელიც ყოველ თებერვალს პარიზში იმართება. რაც შეეხება ჩემს მიწვევას სესიის მენტორად, ჩემთვის პატივია, ვიყო ამ ღონისძიების მონაწილე და მქონდეს საშუალება, არა როგორც მსმენელმა, არამედ როგორც მომხსენებელმა, გავაზიარო ჩვენი ქვეყნის გამოცდილება“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
MIPCom-ის ფარგლებში, შეხვედრები იმართება საერთაშორისო შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, სატელევიზიო, მულტიმედიური ხელოვნების, კინოს, ტექნიკისა და ტექნოლოგიის სფეროებიდან, ასევე დაგეგმილია პოტენციური ჰიტების მსოფლიო პრემიერები.
MIPCom-ი ორიენტირებულია ტელევიზიების წარმომადგენლებზე, ღონისძიებას ესწრებიან ტელესტუდიები და მაუწყებლები, რომლებიც ყიდულობენ ან ყიდიან საერთაშორისო მასშტაბის პროგრამებს და ფორმატებს.
MIPCOM CANNES – ეს არის ყველაზე სასურველი კვირა მსოფლიო მასშტაბის გადაწყვეტილების მიმღებთათვის, რომლებიც ერთვებიან კონკურენციაში ახალი სერიალების, საერთაშორისო პარტნიორების მოსაძიებლად და შემდეგი წლის განვითარების დღის წესრიგის განსასაზღვრად.