თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა
თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტმა, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა თინათინ ბერძენიშვილს წერილით მიმართა, რომელშიც საუბარია ჯგუფის მიზნებზე და ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება ოფიციალურად შესთავაზა.

„მინდა, მოგმართოთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული საკითხების ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს ინტერესი და წარადგინეს კანდიდატები. შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, რომელიც შედგება ევროპის მაუწყებელთა კავშირის 11 წევრი ქვეყნის ქალი წარმომადგენლისგან და ნათლად არის ასახული ევროპის მაუწყებელთა კავშირის გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ზოგიერთი წევრი ორგანიზაცია ამ მიმართულებით განვითარებულია და ხელს უწყობს გენდერულ ბალანსს საკუთარ ორგანიზაციებში, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ ამ გზის გავლას.

ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მინდა, ოფიციალურად შემოგთავაზოთ წარუძღვეთ აღნიშნულ ჯგუფს და დაიკავოთ ხელმძღვანელის პოზიცია. ჩვენი წინა შეხვედრებიდან გამომდინარე, მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებთ და თქვენი ხელმძღვანელობით დაეხმარებით ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებს გენდერული თანასწორობის მიღწევაში“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტის, ტონი ჰოლის წერილში.