თინათინ ბერძენიშვილი - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის, ვფიქრობ, გვექნება დიდი დღესასწაული

თბილისში 21 ივნისს ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სამზადისი დედაენის ბაღში, სადაც 21:00 საათზე მიიტანენ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასს, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს. ბოლო წერტილი სწორედ დედაენის ბაღია.

პარალელურად, დედაენის ბაღში მიმდინარეობს საქართველოს პირველი არხის წამახალისებელი სპორტული გათამაშება. კითხვებზე სწორად პასუხის შემთხვევაში, დედაენის ბაღში მისული სტუმრები თამაშზე დასასწრებ ბილეთებს და სპორტულ ატრიბუტიკას იგებენ.

საქართველოს პირველმა არხმა გადაიღო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელიც ქართული მხატვრული ფილმის, „პირველი მერცხალის“ მოტივებზე შეიქმნა. ხალხური სიმღერის, „აბა ულას“ ახალ ვერსიას მეგაშოუ „რანინას“ მონაწილეები ასრულებენ.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ეს არის ის კომპოზიცია, რომლითაც საქართველო ყოველთვის ამაყობდა და ახლა სავიზიტო ბარათად გაყვება ამ ჩემპიონატს.

„ეს არის ის კომპოზიცია, რომლითაც გვგონია, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამაყობდა, ახლა კი სავიზიტო ბარათად გაყვება ამ ჩემპიონატს. ბავშვებმა ძალიან ბევრი იშრომეს. ამიტომ, პირველ რიგში, მადლობა მათ. ხვალ ჩვენ, ყველანი, ვიქნებით სტადიონზე, ხვალინდელი ქომაგობით, მგონია, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყანას ექნება დიდი წარმატება. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი არხისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და ვფიქრობ, რომ გვექნება დიდი დღესასწაული“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თამაშების ნახვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.