თინათინ ბერძენიშვილი EBU-ს მედიაკომიტეტის წევრად აირჩიეს

პირველი არხის მედიის და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრად აირჩიეს.

აღნიშნული მედიაკომიტეტი 73 ქვეყნის 100-ზე მეტ მაუწყებელთან ახალი მედიაკონტენტის შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობს.

მედიაკომიტეტის წევრად თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურა EBU-ს მედიადირექტორმა, ჟან-ფილიპ დე ტენდერმა წარადგინა.

28-29 ივნისს ალბანეთში ქალაქ ტირანაში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რიგით მე-80 ასამბლეა იმართება, რომელსაც EBU-ს 47 წევრი ქვეყანა შეუერთდა.

ასამბლეაში პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და მედიის და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობენ.

EBU-სა და OIRT-ის (რადიოს და ტელევიზიის საერთაშორისო ორგანიზაცია) შერწყმის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავის გამოსვლაში თინათინ ბერძენიშვილმა მაუწყებელთა კავშირის  როლზე, მის ღირებულებებზე, რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლობის გამოწვევებზე, საკონონმდებლო საკითხებზე, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და გაყიდვების სტრატეგიაზე ისაუბრა.

გენერალური ასამბლეა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ გახსნა.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა

სპიკერებს შორის არიან: EBU-ს გენერალური დირექტორი ნოელ კურანი, EBU-ს პრეზიდენტი ჟან პოლ ფილიპოტი,  მედიადირექტორი ჟან-ფილიპ დე ტენდერი. სპიკერები სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრებენ ჟურნალისტიკის ხარისხის ამაღლებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ მაყურებლის ნდობის გაზრდასა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის გამოწვევებზე.

მედიადირექტორი ჟან-ფილიპ დე ტენდერი

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია და აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან და მის წევრებთან. ევროპის მაუწყებელთა კავშირი 56 ქვეყნის 72 აქტიურ წევრ მედიაორგანიზაციას, ხოლო  20 ქვეყნის 34 ასოცირებულ წევრს აერთიანებს.