თინათინ ბერძენიშვილი - დღეს უნდა ვხედავდეთ, სად ვიქნებით ხვალ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიის ტრანსფორმაცია წარუმატებელი იქნება
თინათინ ბერძენიშვილი - დღეს უნდა ვხედავდეთ, სად ვიქნებით ხვალ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიის ტრანსფორმაცია წარუმატებელი იქნება

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედია სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას, 23-24 მაისს თურქეთში, სტამბოლში ტელეკომპანია TRT მასპინძლობს.

თინათინ ბერძენიშვილმა დიგიტალური ტრანსფორმაციის განვითარების შესახებ ისაუბრა, ასევე ევროპელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში გადასვლის პროცესზე და დიგიტალურ გამოწვევებზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ერთად, პანელში მონაწილეობა მიიღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა, მათ შორის იყვნენ „ბიბისის“ (BBC) ტექნოლოგიების ხელმძღვანელი, თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (TRT) ციფრული მედიის დირექტორი და ასევე ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის (ABC) ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლობის დირექტორი.

„ტრანსფორმაცია ეს არის სწრაფვა, რომელიც მომავალში მედიის განვითარების და პოზიციონირების საშუალებას გვაძლევს. დიგიტალურ სფეროებში პროცესები სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, აქ დრო ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებაა. დღეს უნდა ვხედავდეთ, სად ვიქნებით ხვალ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიის ტრანსფორმაცია წარუმატებელი იქნება, ეს კი აუცილებელი პირობაა, რადგან ციფრულ ერას სრულიად ახალი გამოწვევები აქვს”, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

EBU-ს მედია სამიტი და ასამბლეები არის უნიკალური შესაძლებლობა, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წამყვანმა მედია ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ამ ორი წლის განმავლობაში პანდემიის გამო ეს პირისპირ მუშაობის პირველი შესაძლებლობაა.